ქართულიEnglishРусский
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
მთავარი გვერდი
შინაგანაწესი გვერდის თარგმნა:   English, Русский

შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების -  შპს „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის” (შემდგომში - „სასწავლებელი“) შინაგანაწესი (შემდგომში - „შინაგანაწესი“) შემუშავებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არეგულირებს სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობას, მართვის პრინციპებსა და წესებს;

2. შინაგანაწესი ვრცელდება სასწავლებელში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებზე, მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად;

3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სასწავლებელში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები;

4. შინაგანაწესი წარმოადგენს სასწავლებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს;

5. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი

შინაგანაწესის მიზანია:

  1. სასწავლებლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, მისი მისიის შესრულება და სასწავლებელში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა;
  2. სასწავლებელში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
  3. სასწავლებელში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
  4. სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
  5. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება.

 

მუხლი 3. სასწავლებლის მიზნები

სასწავლებლის მიზანია:

  1. მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება, უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა,  პიროვნული ფასეულობების სისტემის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
  2. თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით.
  3.  მოსწავლეებისათვის ესგ-თ გათვალისწინებული ცოდნის მიცემა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

 

მუხლი 4. სასწავლებლის ამოცანები

სასწავლებლის ამოცანებია:

  1. საიმედო, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სასწავლებელში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;
  2. თითოეული ბავშვის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება;
  3. მოსწავლეებში დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  4. კრიტიკული აზროვნების სტიმულირება;
  5.  საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

მუხლი 5. სასწავლებლის მართვის პრინციპები

სასწავლებელი უზრუნველყოფს:

  1. სასწავლებლის გადაწყვეტილებების, დირექტორატისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების  საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  2. მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
  3. კონკურსების და სხვადასხვა პროექტების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

 

თავი II. დაწესებულების პერსონალისთვის მოქმედი ზოგადი ეთიკური ნორმები

 

მუხლი 6. ეთიკური ნორმები

1.დაწესებულების პერსონალი, რომელიც ემსახურება დაწესებულების მისიის განხორციელებას, თავის საქმიანობას უნდა წარმართავდეს კეთილსინდისიერების, პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. იგი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს კულტურის, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებით.

2. პერსონალი ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დაწესებულების სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას;

ბ) დაწესებულებაში შექმნას სასწავლო საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო;

გ) პატივი სცეს დაწესებულებას და მის ტრადიციებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით;

დ) დაემორჩილოს დაწესებულების მიერ დადგენილ წესებს, პროცედურებსა და მოქმედი აქტების მოთხოვნებს;

ე) არ მიიღოს საჩუქარი ან ფულადი თანხა დაწესებულების თანამშრომლებისაგან, მოსწავლისაგან ან სხვა დაინტერესებული პირისაგან სარგებლისა თუ გამორჩენის მიზნით;

ვ) აცნობიერებდეს, პატივს სცემდეს და იცავდეს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპის დაცვა სავალდებულოა პერსონალისათვის. დაუშვებელია პერსონალისა და მოსწავლის მხრიდან ყოველგვარი დისკრიმინაცია, პერსონალი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, მათ შორის: აკადემიური, რასობრივი, პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, ასაკის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ზ) არ გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა და საკუთარი ავტორიტეტი პირადი გამორჩენის მიზნით, არ მოითხოვოს კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათები და დათმობები, რაც მათ კოლეგებსა თუ მოსწავლეებს ეთიკური დილემის წინაშე დააყენებს;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობისას პერსონალი პატივისცემით უნდა მოეპყროს

თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები;

ი) დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ნიშნით;

კ) პერსონალმა თავი უნდა შეიკავოს დაწესებულების ფარგლებს გარეთ ისეთ საქმიანობაში ჩართვისა თუ ვალდებულებების აღებისაგან, რაც ხელს შეუშლის მათი მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელებას;

3. კოლეგებთან ურთიერთობისას პერსონალი უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული სოლიდარობის პრინციპით.

4.პერსონალი:

ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს

უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;

გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან;

დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

დ) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;

ე) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;

ვ) დაუშვებელია ანონიმური წერილები, დაუსაბუთებელი (ან თუნდაც დასაბუთებული) განცხადებები და კომენტარები კოლეგის პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ.

ზ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ პრინციპებსა და ნორმებს.

თ) პერსონალმა ხელი უნდა შეუწყოს ერთმანეთს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და პროფესიული განვითარების საქმეში, არ დაუშვან კოლეგისა და მოსწავლის პიროვნული კრიტიკა, შეურაცხყოფა, დამცირება, ცილისწამება ან ანონიმურად დადანაშაულება;

ი) დაუშვებელია პერსონალის ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესების სასარგებლოდ. პერსონალმა აქტიურად უნდა იმოქმედოს, რათა არ დაუშვას საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება მესამე პირთა ინტერესებისათვის. დაუშვებელია პირადი ინტერესებისათვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, თუ ეს  ზიანს მიაყენებს დაწესებულების ინტერესებს;

კ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პერსონალი ვალდებულია გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. თუ გამოვლინდება პერსონალის პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს დაწესებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) პერსონალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია დაწესებულების ღირსებისათვის. დაწესებულების შენობაში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

5. დაწესებულების მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას, მათი შინაარსის გათვალისწინებით, როგორც ზემოაღნიშული პუნქტებით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები და პრინციპები, ასევე დაიცვას შემდეგი წესები:

ა) სასწავლო პროცესი წარმართოს დაწესებულების მიერ დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ბ) გაკვეთილზე შევიდეს დროულად, ჯეროვან დონეზე მომზადებული და მაქსიმალურად ორგანიზებული. არ დაუშვას გაკვეთილის დროზე ადრე დამთავრება ან გაცდენა არასაპატიო მიზეზით;

გ) მოქმედი აქტების შესაბამისად, სამართლიანად და ობიექტურად შეაფასოს ყველა მოსწავლე;

დ) ხელი შეუწყოს გამჭვირვალე სასწავლო გარემოს ფორმირებას;

ე) გამორიცხოს შეფასებაზე ზემოქმედების ფავორიტიზმის, პროტექციონიზმის, სხვა

მსგავსი ფაქტორებით მოსწავლეთა დისკრიმინაცია;

ვ) არ დაუშვას მოსწავლეების, მათი ახლობლების შესაძლებლობათა გამოყენება პირადი სარგებლისა თუ გამორჩენის მიზნით.

 

თავი III. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

 

მუხლი 7. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო 

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება- მოვალეობანი;
  2. სასწავლო წლის ხანგრძლივობა, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი ამავე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილია განსაზღვროს არდადეგების დაწყებისა და დამთავრების დრო ინდივიდუალურად.
  3. სასწავლებელში დადგენილია კვირაში  5 დღიანი სასწავლო პროცესი.
  4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:

ა) თუ სასწავლებელს აქვს ყოველდღიური საათობრივი  ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;

ბ) თუ სასწავლებელში გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაცდა სასწავლო დღე/დღეები.

გ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სასწავლებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კვირის რომელიმე დღე განისაზღვრება დასვენების დღედ.

5. სასწავლებელში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას  ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სასწავლებელმა  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.  გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

6. სასწავლებელში დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სასწავლებელში გამოცხადდენ არაუგვიანეს 08:50 საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა  აღემატება კვირაში 40 საათს.

7. მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გამოცხადდეს სასწავლებელში. პედაგოგის სასწავლებელში ყოფნის დრო განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

8. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე  დღეები არის დასვენების დღეები.

9. მასწავლებელს აქვს სამუშაო საათებში შესვენების უფლება კვებისა და დასვენებისათვის, რომელიც არ შედის სამუშაო დროში და შეუძლია გამოიყენოს დღის განმავლობაში ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს.

10. მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, რაც  უნდა ეცნობის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

 

თავი IV. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები 

 

მუხლი 8. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების  ზოგადი ინსტრუქცია

  1. სასწავლებელი ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები, განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
  2. სასწავლებლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  3. სასწავლებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება.
  4. დასაქმებული ვალდებულია:

ა)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
ბ)შეასრულოს სასწავლებლის ადმინისტრაციის მითითებები;
გ) გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილი დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სასწავლებლის დირექტორატს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;
დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

5. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სასწავლებლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და  სხვა ნორმატიული აქტებით.

6. სასწავლებელში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

ა) ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე;

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

 

თავი V.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები 

 

მუხლი 9. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

1.  სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დანერგილი მონიტორინგის ფორმების მიხედვით.

  1. 2.           სასწავლებელს უფლება აქვს გამოიყენოს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგი ფორმები:

ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტებით;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ნება დართოს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე.

 

მუხლი 10.  დასაქმებულთა  ჩაცმულობის წესი

  1. რეკომენდირებულია, დასაქმებული იმოსებოდეს სადად. დაუშვებელია, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე მასწავლებლისათვის შეუფერებელი და გამომწვევი ჩაცმულობა;
  2. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

 

მუხლი 11. მოსწავლის ჩაცმულობის წესი

  1. მოსწავლე უნდა იყოს მოწესრიგებული და სასაწავლო გარემოს შესაბამისად ჩაცმული. შესაძლებელია სასწავლებლის ცალკეულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა სავალდებულოდ შემოიღონ სასკოლო ფორმის ტარება გარკვეულ კლასებში;
  2. დაუშვებელია ისეთი ტანისამოსის ტარება, რომელიც მიუღებელია სასწავლო დაწესებულებებში.

 

თავი VI. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და პირობები

 

მუხლი 12. შრომითი ურთიერთობა

1. პედაგოგის, ადმინისტრაციის წევრის, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის სასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე.

2. სამუშაზე  მიღებისას სასწავლებლის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი უფლებამოსილია, მისაღებ  პირს მოსთხოვოს  შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ფოტოსურათი  ¾;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია კანდიდატს მოეთხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა.

4.1. პედაგოგის გათავისუფლებისას ახალი  პედაგოგის დანიშვნამდე მის  ფუნქციებს  ახორციელებს  იმავე  საგნის  ან  მონათესავე  საგნის  პედაგოგი; 

4.2. დირექტორატი უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე, პროფესიული  დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან  შეთანხმებით, შტატგარეშედ  იყოლიოს რეზერვი, შემცვლელი ან  ,,სტაჟიორი’’ მასწავლებელი და ტექნიკური  პერსონალი;

თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი, რისთვისაც გამოსცემს სათანადო   ბრძანებას;

4.3. თუ შრომითი  ხელშეკრულების  შეწყვეტის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დირექტორი  არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე  წერილობითი შეტყობინებით. გაფრთხილებიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა;

5. თანამშრომელი თავისუფლდება სამუშაოდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისას. თუ მას სურს სამუშაოს გაგრძელება, სასწავლებლისა და თანამშრომელს შორის უნდა დაიდოს ახალი შრომითი ხელშეკრულება.

 

მუხლი 13. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1.   წინასწარ ცნობილი მიზეზით,  სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  გააფრთხილოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით;

2. გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სასწავლებლის შესაბამისი პროგრამის დირექტორს გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი;

3. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი;

4. არასაპატიო მიზეზით სასწავლებელში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დასაქმებულს კი ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

 

მუხლი 14. ზეგანაკვეთური სამუშაო:

1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს;

2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებული თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

 

თავი VII.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი 

 

მუხლი 15. საშვებულებო ანაზღაურება

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან. თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

 

მუხლი 16. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი 

  1. დასაქმებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით;
  2. დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. შესაბამისი პროგრამის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც;
  3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით შესაბამისი პროგრამის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება ბრძანებით;
  4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაოს;
  5. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება;
  6. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

 

მუხლი 17. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი 

1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით  წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით;

2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 3 დღით  ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

უხლი 18. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით;      

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -200 კალენდარული დღე; ამ მუხლის მიზნებისათვის ანაზღურებაში იგულისხმება სოციალური სააგენტოს მიერ გაცემული ერთჯერადი დახმარება - 1000 ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

 

მუხლი 19. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

  1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.
  2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სასწავლებლის  შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

 

მუხლი 20. შრომითი ურთიერთობის შეჩერების და შეწყვეტის წესი

  1. 1.    შრომითი ურთიერთობის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლები; 
  2. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად;
  3. დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დასაქმებული ვალდებულია, 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს დამსაქმებელი;
  4. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

თავი VIII. წახალისების  ფორმები

 

მუხლი 21. წახალისების ფორმები

1. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, სასწავლებელი უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

 

 

Like us on facebook
განათლების სამინისტრო
გამოცდების ეროვნული ცენტრო
შუმანის სასწავლებელი
Copyright © 2010 Modzgvari.edu.ge,
All Rights Reserved,
Developed by DesignEx.ge
Our Address: 0179, №6 Arakishvili St
Phone: (+995 32) 290371; Fax: (+995 32) 290371;
E-mail: modzgvari2005@mail.ru